გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის წლის
შემაჯამებელი ანგარიში ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ წარადგინა. შენგელიას თქმით, წლის განმავლობაში გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ მიღებული სამოქმედო გეგმის ოთხივე მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა.
“საბჭომ შიდა და მუნიციპალურ სამსახურებთან განხილვების პროცესის გავლის შემდგომ შეიმუშავა საბიუჯეტო წინადადებები, რომლებზეც მიღწეულ იქნა შეთანხმება აღმასრულებელ რგოლთან. საბიუჯეტო ინიციატივები ეხებოდა მადლიერების სახლის ბენეფიციარებისათვის დამატებითი სერვისის შეთავაზებას. ამ სერვისით საბჭომ უპასუხა სამოქმედო გეგმის კიდევ ერთ კომპონენტს – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროს. და ბოლოს, ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული ღონისძიებები იყო ის ძირითადი საქმიანობა, რომელზეც წლის განმავლობაში საბჭოს რესურსი იყო მიმართული. ჩატარდა 3 საინფორმაციო კამპანია, გენდერისა და გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის შესახებ, გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ. სწორედ, აღნიშნული კამპანიების საფუძველზე ქუთაისის მუნიციპალიტეტმა მიიღო მადლობის წერილი პრემიერ-მინისტრის აპარატისგან. ასევე, ქალაქ ქუთაისის მერიის მიერ ორგანიზებული ახალგაზრდული ბანაკების პროგრამაში გათვალისწინებული იყო გენდერული თანასწორობის მოდული,”- ამბობს ირაკლი შენგელია.
მისივე თქმით, წლის განმავლობაში დასახული მიზნების მიღწევა საბჭოს მრავალფეროვანი შემადგენლობისა და თითოეული წევრის პროფესიონალიზმის დამსახურებაა.
შეგახსენებთ, რომ გენდერული თანასწორობის საბჭო 2018 წელს ჩამოყალიბდა. მასში წარმოდგენილია მერიის, საკრებულოს, არასამთავრობო, მედიის, ბიზნესისა და სამედიცინო სფეროს წევრები.