ხარაგაულის ვიცე-მერმა არჩილ მაღრაძემ თანამდებობა დატოვა. ხარაგაულის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის ინფორმაციით,
ვიცე-მერი თანამდებობიდან საკუთარი სურვილით წავიდა. არჩილ მაღრაძის შესახებ ინფორმაცია მერმა ოფიციალური facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა. ნიკოლოზ თოფურიძე მას გაწეული მუშაობისათვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ არჩილ მაღრაძის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ხარაგაულის 78 სოფლიდან 60-ზე მეტ სოფელში მოწესრიგდა და კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფლის ცენტრალურ და საუბნო გზებს.
“ჩვენ ერთად ვიყავით, ერთად ვგეგმავდით და ვაკეთებდით ყველა პროექტს ხარაგაულისთვის, რაც ამ სამი წლის განმავლობაში გსმენიათ, გინახავთ ან წაგიკითხავთ. ერთად ვმსჯელობდით და ვფიქრობდით რა იყო უკეთესი, როგორ სჯობდა ხალხისთვის, მუნიციპალიტეტისთვის. ერთად დავსახეთ პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც დროშია გაწერილი და რომელთა განხორციელებაც აუცილებლად დაუკავშირდება არჩილ მაღრაძის სახელს ხარაგაულში!
სამი წელი ერთად ვებრძოდით ყველა პრობლემას, თუმცა ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო პრობლემები ისევ რჩება და ჩვენ ვაგრძელებთ ამ რუტინაში თქვენთვის შრომას.
არჩილ მაღრაძე იყო გამართული საჯარო მოხელე, თავის ყველა ღირსებით!
ის იკავებდა მერის პირველი მოადგილის თანამდებობას და კურირებდა ინფრასტრუქტურას. ამ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ხარაგაულის 78 სოფლიდან 60-ზე მეტ სოფელში მოწესრიგდა და კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფლის ცენტრალურ და საუბნო გზებს. რეაბილიტაცია ჩაუტარდა და აღდგა 30-ზე მეტი ხიდ-ბოგირი და ხიდი, რომლებიც სტიქიის ფონდით დაფინანსდა. ამავე ფონდით სხვადასხვა სოფლებში 40-მდე ამორტიზებულ მონაკვეთს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, ზოგიერთ მათგანზე დაისხა ბეტონის საფარი. უნდა აღვნიშნო, რომ მისი დიდი დამსახურებაა წელს ვერტყვიჭალასა და საღანძილეში ახალი საბავშვო ბაღების აშენება რომ იგეგმება.
მინდა მადლობა გადავუხადო არჩილს ერთგულებისთვის, მეგობრობისთვის და ყველა იმ გაკეთებული საქმისთვის, რასაც დაუზარლად, დიდი მონდომებით ხარაგაულის სიყვარულით აკეთებდა.
არჩილმა თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება და წავიდა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ იგი ისევ იქნება ჩართული ხარაგაულისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში!
წარმატებებს ვუსურვებ კარგ მეგობარს და კარგ ქართველს!” – წერია თოფურიძის განცხადებაში.
ფოტო: ხარაგაულის მერის ოფიციალური გვერდი