პოლიტიკა
პროგრამა "კორპუსის" ფარგლებში, საპროექტო დოკუმენტაციასა და ხარჯთაღრიცხვას მოსახლეობა აღარ მოამზადებს
პროგრამა "კორპუსი" სახელს შეიცვლის და ბიუჯეტში ცალკე პროგრამებად იქნება წარმოდგენილი. აღნიშნულის შესახებ ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯონი არაბიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ცვლილების შემდეგ, პროგრამის არეალი ფართოვდება და მისით სარგებლობა მაღალსართულიან კორპუსებში მცხოვრებლების გარდა, სხვა ბინათმესაკუთრეებსაც შეეძლებათ.

ძალაში რჩება პროგრამით გათვალისწინებული თანადაფინანსების პრინციპიც. ჯონი არაბიძის განცხადებით, შეიცვალა მხოლოდ ორი კომპონენტი. ამხანაგობების ბინის კეთილმოწყობის საკითხის გადაჭრისას საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება აღარ მოუწევთ. ასევე, მერია სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოების განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში სრულად დააფინანსებს.

"ამხანაგობებს ვალდებულება ჰქონდათ, რომ საპროექტო დოკუმენტაცია და ხარჯთაღრიცხვა თავად წარმოედგინათ. აღნიშნულმა მოგვიანებით პრობლემები შექმნა, რადგან ხშირ შემთხვევაში დოკუმენტაცია არასწორად იყო მომზადებული. ცვლილებების შემდეგ, მერია დოკუმენტაციის მომზადებაზე პასუხისმგებლობას სრულად აიღებს. თანადაფინანსების ვალდებულება კი ბინათამხანაგობებზე 5%-იანი იქნება,"-განაცხადა ჯონი არაბიძემ.

ფოტო: "ძველი ქალაქი"
| Print |