მუხნარის ტყეში ასაკოვანი ხეების 70% გამხმარია. აღნიშნულის შესახებ ეკოლოგმა,
მწვანეთა მოძრაობა “დედამიწის მეგობრები” წარმომადგენელმა თეიმურაზ კეპულაძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, ხეების ხმობის მიზეზი სხვადასხვაგვარია, მათ შორისაა ტერიტორიის დაბინძურება, ტყესთან საავტომობილო გზის სიახლოვე, ხის ასაკი, გადაჭარბებული ძოვება ტერიტორიაზე და სხვა.
“ყურადღება უნდა მივაქციოთ, ყოველდღიურად ვაკონტროლოთ ტერიტორია. აუცილებელია, ახალი ხეების დარგვა და ტყის განახლება. ყველა უწყებამ პირნათლად უნდა შეასრულოს მისი მოვალეობა,”-განაცხადა კეპულაძემ.
საღორიის ტყის პრობლემები დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პარტია “თავისუფალი საქართველოს” მიერ ორგანიზებული დისკუსიის ფარგლებში გაჟღერდა. პარტიის წევრმა გოგი წულაიამ ხელისუფლებას პრობლემის გადაჭრისაკენ მოუწოდა.
“ქუთაისს ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება, ეს არის ჰაერის უკიდურესად დაბინძურება. ხეები იჭრება ან ხმება. ქალაქი ფილტვების გარეშე რჩება. ეს კატასტროფაა,”-განაცხადა გოგი წულაიამ.
სატყეო სააგენტოში აცხადებენ, რომ მუხნარის ტყეში საფარის აღდგენისათვის საჭირო სამუშაოები მიმდინარეობს.