ქუთაისის მერიაში არსებულ ფართს ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი მხეიძე
მოქალაქეთა მისაღებად კვლავ გამოიყენებს. საკითხს მხარი ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებმა დღეს დაუჭირეს. ფართის გამოყენების უფლება პარლამენტის აპარატს უსასყიდლოდ ორი წლით გაუხანგრძლივდება.
საკითხის განხილვამ ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის განცხადებით, ფართის გამოყოფა მერიის შენობაში მაჟორიტარისათვის გამართლებული არ არის, რადგან მაჟორიტარი დეპუტატების უმოქმედობის გამო ქუთაისმა საპარლამენტო ქალაქის სტატუსი დაკარგა.
“მაჟორიტარის ბიუროს რომელიმე საკითხი მითხარით საკრებულოს სხდომაზე დაყენებული. ხმა არ ამოუღიათ. იმყოფებიან სირაქლემის პოზიციაში. ქალაქი დარჩა სტატუსის გარეშე, იცლება მოსახლეობისაგან, მაჟორიტარები ამაზე არ საუბრობენ,”-განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა გიგა შუშანიამ.~
ფოტო: ინტერნეტ სივრცე