უვიზო მიმოსვლის შესახებ იმსჯელეს ქუთაისში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა და ელჩებმა იმ გამოწვევების შესახებ ისაუბრეს, რომელთა წინაშეც დღეს საქართველო დგას. მათი განმარტებით, მოქალაქეები უცხოეთში უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევით რჩებიან. მათივე თქმით, მოიმატა ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობამ.
“ქართველები თავშესაფარს ხშირად ითხოვენ საფრანგეთში, გერმანიაში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოთხოვნა გაზრდილი იყო ისლანდიაშიც. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველო საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც უსაფრთხო ქვეყანა, ამიტომ თავშესაფრის მოთხოვნის აბსოლუტური უმრავლესობა არ კმაყოფილდება. მათ მაქსიმალურად უნდა აარიდონ თავი სხვადასხვა პირების მიერ შექმნილ ცრუ მოლოდინებს, რომ მათი დახმარებით სამსახურს ან თავშესაფარს იშოვიან. ეს ძალიან მკაცრად რეგულირდება,”-განაცხადა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქმენეთში, გიორგი ყარალაშვილმა.
თავშესაფრის მოთხოვნაზე უარის მიღების შემთხვევაში, შენგენის ქვეყნების ტერიტორიაზე დარჩენა არალეგალურად ითვლება. თუ პირი სამშობლოში დაბრუნებაზე აურს იტყვის, მისი იძულებით დაბრუნება მოხდება. მას ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლამდე ვადით ეკრძალება. შესაძლოა, დაეკისროს 3 000 ევრომდე ჯარიმაც.
ევროპის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა. ამ ხნის განმავლობაში, მისით 600 000-მდე საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა.