“რა შეისწავლა აუდიტის სამსახურმა არ ვიცი, არ ვყოფილვარ ამაში ჩართული.
შესაძლოა რაღაც დოკუმენტები დარჩა შესასწავლი.”- ამის შესახებ ქუთაისის ყოფილმა მერმა შოთა მურღულიამ რადიო “ძველ ქალაქთან” აუდიტის დასკვნის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, მას ყველა დოკუმენტი ასლი და ელექტრონული ვერსია აქვს და დაინტერესების შემთხვევაში მზადაა შესაბამის უწყებებთან ითანამშრომლოს.
“ნებისმიერ შემთხვევაში თუკი შოთა მურღულიასთან დაკავშირებით არის კითხვები მენეჯერულ ან არამენეჯერულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში უნდა დაუძახო შოთა მურღულიას და ჰკითხო. ალბათ ჩათვალეს, რომ ჩემს მიმართ კითხვა არ უნდა დასმულიყო, თუმცა იმ პერიოდში რაც მოხდა და მინიმუმ მივიღე მენეჯერული გადაწყვეტილებები პასუხისმგებელი ვარ. მე ყველა დოკუმენტის ასლი თუ ელექტრონული ვერსია მაქვს. თუ დააინტერესებთ, აუდიტის სამსახური იქნება თუ სხვა უწყება, შემიძლია ვითანამშრომლო.”- განაცხადა მურღულიამ.
რაც შეეხება კონკრეტულად სოციალური საცხოვრისის თემას, ქალაქის ყოფილმა მერმა განაცხადა: “თუ სადმე პრობლემა არსებობს ნახევარი მილიონი თანხა დევს ქუთაისის საგარანტიო ბიუჯეტში არ მგონია, რომ რომელიმე პრობლემის მოგვარებას.” -აცხადებს შოთა მურღულია.
შეგახსნებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც შესაძლო დანაშაულისა და კორუფციის ნიშნების შესახებაა საუბარი. დასკვნაში საუბარია სოციალურ საცხოვრისზე, რომ შპს “სანომ” მერიას კონკურსის გარეშე, დამატებით 1800 კვ.მ ფართი მიყიდა, ღირებულებით 1.8 მლნ ლარი.
მერიამ სოციალური საცხოვრისი შეისყიდა არასაბაზრო ფასად. წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სოციალური საცხოვრისის შენობის 1 კვ.მ ფართის საბაზრო ღირებულება შეადგენს 540 ლარს, მაშინ როდესაც მერიამ გადაიხადა 1000 ლარი. შესაბამისად, ექსპერტის დასკვნით დათვლილ ღირებულებასა და მერიის მიერ ჩაბარებულ სამუშაოების ღირებულებას შორის სხვაობა შეადგენს 2.0 მლნ ლარს.
შენობა ვერ აკმაყოფილებს საცხოვრებლის ფუნქციებს. მოსახლეობისთვის არ არის შექმნილი შესაბამისი საცხოვრებელი პირობები. მშენებლობის პროცესი წარმართა ისე, რომ სამუშაოები შესრულდა უხარისხოდ და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხები სავარაუდოდო ზედმეტად არის გადახდილი.
დოკუმენტში ასევე საუბარია, ასათიანიქ ქუჩასა და გარე ანათების ქსელის ექსპლუატაციისთვის დასაბუთების გარეშე დახარჯულ თანხაზე.
იხ. აუდიტის სამსახურის ანგარიში.