იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა.
თერჯოლის სოფლების ჭოგნარის, გოდოგანისა და ოდილაურის მაცხოვრებლები ჭოგნარის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებენ. როგორც შეკრებილები აცხადებენ, ნაგავსაყრელის მოწყობა მათს საცხოვრებელ გარემოსა და ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებს. თერჯოლის სოფლებში მცხოვრებლებმა სამხარეო ადმინისტრაციის შენობის პიკეტირება მოახდინეს და განაცხადეს, რომ ნახევარი საათის განმავლობაში ადმინისტრაციის შენობაში არავის შეუშვებდნენ.
“ალბათ, უნდათ რომ ამ ადგილიდან წავიდეთ. როგორ შეიძლება ნაგავსაყრელის გაკეთება იქ, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს. ბინას ვერ აშენებენ დაცულად ჩვენს ქვეყანაში და ნაგავსაყრელს ვინ მოაწყობს. რაც არ უნდა სტანდარტები იყოს დაცული, ქუთაისსა და მის შემოგარენს მოწამლავს. ერთეულები ვართ სოფლებში და ჩვენც აღარ დავრჩებით,”-ამბობს აქციის მონაწილე აზა ცხადაბერიძე.
აქციას “თავისუფალი საქართველოს” წევრი გოგი წულაია შეუერთდა. როგორც წულაია ამბობს, მოსახლეობის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პროტესტი გაგრძელდება და ადგილობრივები ცენტრალურ მაგისტრალს გადაკეტავენ.
ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”