ქუთაისთან ახლოს, ჭოგნარის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი რეგიონალური ნაგავსაყრელი აშენდება.
პროექტის მიხედვით, ახალი ნაგავსაყრელი დაახლოებით 700 000 მოქალაქეს მოემსახურება. ნარჩენების ტრანსპორტირება და ნაგავსაყრელზე განთავსება რაჭა-ლეჩხუმიდან და ქვემო სვანეთიდანაც მოხდება.
ნაგავსაყრელის მოწყობისათვის ადგილის შერჩევა კანონმდებლობის დაცვით მოხდა. ამის შესახებ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ნაგავსაყრელი ეწყობა იმ მუნიციპალიტეტის ახლოს, რომელიც ყველაზე მეტ ნარჩენს აგროვებს.
რეგიონალური ნაგავსაყრელის მშენებლობა მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყება და 2020 წლის გაზაფხულზე დასრულდება.
გიორგი შუხოშვილის განმარტებით, პროექტის განხორციელებას მოსახლეობისათვის მინიმალური რისკები ახლავს. მისივე თქმით, ნაგავსაყრელი მოეწყობა იმგვარად, რომ მოსახლეობა მაქსიმალურად იყოს დაცული ჰაერისა და წყლის დაბინძურებისაგან.
ჭოგნარის ტერიტორიაზე, მოსახლეობიდან 500-700 მეტრში გაითხრება ქვაბული, რომელიც რამდენიმე შრით იქნება იზოლირებული. ნაგავსაყრელს ექნება გეომემბრანის, თიხისა და სადრენაჟო ფენა. უზრუნველყოფილი იქნება ჰერმეტულობა. ქვაბულის ახლოს მოეწყობა წყლის გამწმენდი ნაგებობა, რომელიც უზრუნველყოფს წყლის შეგროვებასა და გაფილტვრას. ნაგავსაყრელზე მიტანილი ნარჩენების ჩამარხვა და შემდგომ მისი გადაფარვა ყოველდღიურ რეჟიმში განხორციელდება. საბოლოოდ, თვალთახედვის არეში გამოჩნდება მიწის ფართობი, მწვანე გორაკი. ნაგავსაყრელის მოწყობა 3 ფაზად განხორციელდება. თითოეული ფაზა 7-6 წლის განმავლობაში იფუნქციონირებს. ნაგავსაყრელზე დასაქმდება 60-მდე ადამიანი.
გიორგი შუხოშვილის განმარტებით, ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოველთვიურად იწარმოებს ჰაერისა და წყლის ხარისხის შესამოწმებელი კვლევები.
ნაგავსაყრელის მოწყობა ჭოგნარისა და გოდოგანის მოსახლეობამ რამდენიმე დღის გააპროტესტა. ადგილობრივები შიშობენ, რომ პროექტის განხორციელების შემდეგ ტერიტორიაზე სასმელი წყალი და ჰაერი დაბინძურდება, მომრავლდება მწერები.
“პროექტს პირადად გავეცანი. ნამდვილად, ევროპული სტანდარტები არის გათვალისწინებული. ამ ტიპის ნაგავსაყრელები ხელს შეუწყობს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნას. პროექტის გაცნობის შემდეგ, ის კითხვები, რაც მოსახლეობას აქვს აღარ იქნება. მოსახლეობასთან კომუნიკაციას კვლავ გავაგრძელებთ,”-განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ.
რაც შეეხება იმერეთში არსებულ ძველ ნაგავსაყრელებს, ისინი ეტაპობრივად დაიხურება. დაიხურება სამტრედიასა და ქუთაისში არსებული მუნიციპალური ნაგავსაყრელებიც, რომლებიც შავლეგო ტაბატაძემ და გიორგი შუხოშვილმა დაათვალიერეს. დახურვის შემდეგ ადგილზე რეკრეაციული ზონა მოეწყობა.
საბოლოოდ, ქვეყანაში 8 რეგიონალური ნაგავსაყრელი შეიქმნება.
საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დაქვემდებარებაში 54 მუნიციპალური ნაგავსაყრელია. 2013 წლიდან დღემდე სულ 31 ნაგავსაყრელი რეაბილიტირდა. დაიხურა 23 მათგანი. მოეწყო 5 გადამტვირთავი სადგური.
პროექტის მთლიანი ღირებულება 27 მილიონი ევროა.
სამტრედიის მუნიციპალური ნაგავსაყრელი
ქუთაისი, ნიკეას ნაგავსაყრელი