იმერეთის 2017 წლის მოწვევის საკრებულოებში შექმნილი 61 ფრაქციიდან 43-ს რეგისტრაციის დღიდან
2018 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით არც ერთი საკითხის ინიცირება არ მოუხდენია. კვლევას “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” აქვეყნებს. ჯამში, ფრაქციების თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურებისა და სხვა ხარჯებისთვის 1 მილიონ 800 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. ფრაქციების თანამდებობის პირების (ფრაქციის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე) სახელფასო ანაზღაურებაზე საკვლევი პერიოდის განმავლობაში ჯამში 1 660 218 ლარია დახარჯული.
კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტი ინიციატივა ქუთაისის საკრებულოს ოთხ ფრაქციას (“ქართული ოცნება”, “ქართული ოცნება – მწვანეები”, “ქართული ოცნება – მრეწველები”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”) ჰქონდა. კერძოდ, ფრაქცია “ქართული ოცნების” ინიციატივა შეეხებოდა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების ჩართულობას, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხების განხილვას; ფრაქცია “ქართული ოცნება – მწვანეების” წინადადებები ახალი სკვერების მოწყობასა და არსებულის აღდგენაზე, ასევე დასუფთავების საკითხებზე მომზადდა; ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების” ინიციატივები შეეხებოდა კომისიებისა და ფრაქციების საქმიანობას – მიწოდებულ საჯარო ინფორმაციაში არ არის აღნიშნული კონკრეტულად, თუ რას უკავშირდებოდა ფრაქციის წერილობითი შეთავაზებები.
ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივები კი უკავშირდებოდა მედიკამენტების, კომუნალური, ასევე ახალშობილთათვის ვაუჩერების გაცემის საკითხებს, სტუდენტთა ანაზღაურებად სტაჟირებას, მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობისას სტუდენტური ტარიფის დაწესებას, სკოლებითვის თანხის გამოყოფას, პარკირების ახალი ტარიფის დაწესებას და ა.შ., თუმცა, არც ერთი წინადადება საკრებულოს უმრავლეობას არ გაუზიარებია.