ქუთაისის მერიის წინ სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებლები შეიკრიბნენ. როგორც სოციალურად დაუცველმა მოქალაქეებმა განაცხადეს,
მათ ელექტროენერგიის მიწოდება გადაუხდელი დავალიანების გამო შეუწყვიტეს. მათივე განმარტებით, კომპანიამ სამ ოჯახს ელექტროენერგიის მრიცხველებიც მოუხსნა. სოციალურად დაუცველები ქუთაისის მერს უყურადღებობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მერი მათ დავალიანების დაფარვას დაჰპირდა, თუმცა, პირობა არ შეასრულა.
“სამი სიცხიანი ბავშვი მყავს სახლში, ისედაც რთულ პირობებში კიდევ უფრო დაგვიმძიმდა მდგომარეობა. 150 ლარი მქონდა გადასახდელი, ვითხოვე თანხის გადანაწილებაც, მაგრამ არც თხოვნამ გაჭრა და არც მუდარამ. მერიაში მითხრეს მრიცხველს არავინ მოგიძრობს და თანხას ჩვენ დავფარავთო, მაგრამ ჩვენი ამბავი ამ დრომდე არავის მოუკითხავს,”-განაცხადა ირანდა ნემსიწვერიძემ.
სოციალური საცხოვრისის ბინადრები ქუთაისის მერთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა, როგორც გაირკვა, მათ მერიის საბინაო სამსახურის უფროსის მოადგილე ხვდება.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის დავალიანების ძირითადი ნაწილი დაფინანსდება.