ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ქუთაისის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.
როგორც გიგა შუშანია აცხადებს, ქუთაისის მერია შპს “სანოსათვის”, რომელმაც სოციალური საცხოვრისი ააშენა, 528 000 ლარის გადახდას აპირებდა და თანხა მიმდინარე წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო. მისივე განმარტებით, მოგვიანებით, მერიამ თანხის გადახდა გადაიფიქრა, თუმცა, 2019 წლის ბიუჯეტში შპს-სათვის 528 000 ლარი კვლავ გაითვალისწინა. როგორც შუშანია განმარტავს, აღნიშნული კითხვის ნიშნებს აჩენს.
“კომპანიისათვის შესრულებული სამუშაოების გამო გადასარიცხად დარჩენილი იყო 528 000 ლარი. წლის ბოლო ცვლილებებით, მერიამ ეს თანხა ბიუჯეტიდან ამოიღო იქედან გამომდინარე, რომ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო სასამართლოს მეშვეობით დავას აპირებდა. თუმცა, 2019 წლის ბიუჯეტში აღნიშნული თანხა ჩასმულია. ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებას და ამაში არა მხოლოდ ქუთაისის მერი, არამედ ქართული ოცნების მაღალჩინოსნები არიან ჩართული. გაუგებარია, რატომ უნდა ჩასვლა ბიუჯეტში 528 000 ლარი, თუ აპირებ სასამართლოთი დავას,”-განაცხადა გიგა შუშანიამ.
სოციალური საცხოვრისი ქუთაისში 2017 წელს გაიხსნა. მისი მშენებლობისათვის ქუთაისის მერიამ შპს “სანოსთან” 4 372 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. მერიამ კომპანიას 3 844 000 ლარი უკვე გადაურიცხა.