ზესტაფონის მერი კახაბერ მახათაძე ზესტაფონის მერობის ყოფილ კანდიდატსა და მიმდინარე აქციების ორგანიზატორს
გიორგი გოგლიჩიძეს სასამართლოში უჩივლებს. აღნიშნულის შესახებ რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას ზესტაფონის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა განაცხადა. ეკა დუგლაძის თქმით, გაჟღერებული ცილისმწამებლური განცხადებების გამო, მერმა სასამართლოსთვის მიმართვა გადაწყვიტა. მისივე განმარტებით, ადვოკატი სასამართლოში სარჩელს უახლოეს დღეებში შეიტანს.
“ადვოკატი მუშაობს, დღეს უკვე შეგროვდა დოკუმენტაცია. კახაბერ მახათაძის გადაწყვეტილებით, გოგლიჩიძეს მოუწევს პროკურატურაში უპასუხოს კითხვებს. ყველა განცხადებაზე მოუწევს პასუხისგება, მათ შორის ტენდერებთან დაკავშირებით და თითქოს მერის წინააღმდეგ 7 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული,”-განაცხადა ეკა დუგლაძემ.
ეკა დუგლაძის განმარტებით, მიმდინარე აქციები მართული პროცესებია და აქციის მონაწილეთა უმრავლესობამ აქციაზე ყოფნის რეალური მიზეზები არ იცოდა.
ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები 2018 წლის 18 სექტემბერს დაიწყო.