“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ქუთაისის
მერიას ნახევარი მილიონი ლარის გაფლანგვაში ადანაშაულებს. ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა გია შუშანიამ დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც თეთრი ხიდის რეაბილიტაციის საკითხს კიდევ ერთხელ შეეხო. დეპუტატი აცხადებს, რომ ხიდი სავალალო მდგომარეობაშია და შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს საკითხი, შეძლებს თუ არა ის ფუნქციონირების გაგრძელებას.
“ჩვენ თავიდანვე ვსაუბრობდით იმაზე, რომ თეთრი ხიდის პროექტი იყო არასწორად შედგენილი. სამუშაოები მიმდინარეობდა დარღვევებით და ბოლოს, როდესაც ვითომ ზარზეიმით გახსნა ქუთაისის მერმა ეს ხიდი, მეორე დღეს რომ მივედით, კონსტრუქცია იყო სავალალო მდგომარეობაში. დაწყებულია კოროზია, დაჟანგულია. კონსტრუქცია, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო, დღეს დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, შეძლებს თუ არა ფუნქციონირების გაგრძელებას. ზედაპირიც საშიშია ასევე იმიტომ, რომ ყინვაში, წვიმაში, მით უფრო ზაფხულში მასზე გავლა შეუძლებელია.”- განაცხადა გიგა შუშანიამ.
დეპუტატი ამბობს, რომ ქუთაისის ბიუჯეტმა 315 ათასი ლარი უკვე იზარალა. მიიჩნევს, რომ ფაქტით საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ, თუმცა მანამდე აინტერესებს, რა ბედი ეწევა გაფლანგულ თანხას და ხიდს.
“პროექტი შეიცვალა რამდენჯერმე. მიგვაჩნია, რომ მერიასა და ამ კომპანიას შედგა გარიგება. პროექტი იცვლებოდა სხვადასხვა ეტაპზე. 315 ათასი ლარი უკვე გადარიცხულია იმ თანხიდან, რაც იყო ტენდერით გამოცხადებული. მაინტერესებს, ქუთაისის მერია, რომელიც იძულებული გახდა საზოგადოების ზეწოლის შემდეგ და გაწყვიტა ამ კომპანიასთან ხელშეკრულება, რა ეშველება 315 ათას ლარს ბიუჯეტიდან. ვინ დააბრუნებს ამ თანხას უკან. კონკრეტული მტკიცებულება არ გამაჩნია კონკრეტული თანხის მიმოქცევა იყო თუ არა მერსა და კომპანიას შორის , მაგრამ როგორ უნდა გაფლანგო ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი ამის მაგალითია თეთრი ხიდი. არ მაქვს იმედი, რომ ამით საგამოძიებო უწყებები სწრაფად დაინტერესდებიან, უბრალოდ ქუთაისის ბიუჯეტმა და გადასახადი გადამხდელებმა დაკარგეს 315 ათასი ლარი და შედეგად დაზიანებული თეთრი ხიდი მივიღეთ.” – განაცხადა გიგა შუშანიამ.
ქუთაისის მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან “ალმა რუს საქართველო” ხელშეკრულება 5 დეკემბერს გაწყვიტა. ამის მიზეზად მერიაში კომპანიის მხრიდან სამუშაოების უხარისხოდ შესრულება სახელდება. მერიაში აცხადებენ, რომ კომპანიას 185 000 ლარის უკან დაბრუნება მოუწევს. გარდა ამისა, კომპანიას შესაძლოა დამატებით 2 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისროს თეთრ ხიდზე თეთრი ქვების შეტანის გამო. ქუთაისის მერიაში აცხადებენ, საქმეს სასამართლო განიხილავს.