ვანში “ევროპული საქართველოს” რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარეს ემუქრებიან.
აღნიშნულის შესახებ განცხადება პარტიის წევრმა აკაკი ბობოხიძემ გააკეთა. მისივე განმარტებით, კობა ძაგნიძეს მუქარას ბიძის მეშვეობით უთვლიან.
“ბიძაჩემს მანქანაში “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ჩაუჯდა. დაემუქრა, თუ შენი ძმა და ძმიშვილები არ გაჩერდებიან, მის ოჯახს აუცილებლად გავანადგურებთო. უთხრა, რომ ვანის “ქართული ოცნების” შტაბში ურთიერთობა უნდა მომეგვარებინა. ურთიერთობის დალაგებაში ჩემი საქმიანობის შეწყვეტას გულისხმობენ,”-განაცხადა “ევროპული საქართველოს” ვანის ორგანიზაციის თავმჯდომარემ.
პარტიაში აცხადებენ, რომ კობა ძაგნიძის თითოეული ოჯახის წევრის მიმართ პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება. კობა ძაგნიძეს სამართალდამცავებისათვის არ მიუმართავს.
ვანში, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მსგავსი ბრალდებები აბსურდია და კობა ძაგნიძის მიმართ არანაირი ზეწოლა არ ხორციელდება.