გაერთიანებული ოპოზიციის წევრი გიგა შუშანია ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტის შესახებ საუბრობს.
როგორც შუშანია ამბობს, მომავალი წლის ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით 10 მილიონითაა შემცირებული და 49 მილიონს შეადგენს. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, 2019 წელს ბიუჯეტის ნახევარს 24,5 მილიონ ლარს მერია ხელფასებში დახარჯავს. 7 მილიონი ლარი მოხმარდება მერიისა და საკრებულოს აპარატის შენახვას. წარმომადგენლობითი ხარჯებისათვის 2019 წლის ბიუჯეტიდან 180 000 ლარი დაიხარჯება, ავტოპარკის შენახვაზე 350 000 ლარია გათვალისწინებული. რაც შეეხება გზებს, როგორც შუშანია ამბობს, წელს 8 მილიონით არის შემცირებული თანხები და საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 2 მილიონი ლარია გამოყოფილი.
“ქართული ოცნება” აგრძელებს ქუთაისელების მოტყუებას. 2019 წლის ბიუჯეტი მიუთითებს იმაზე, რომ ქუთაისი ხელისუფლებისათვის პრიორიტეტი არ არის. ხელისუფლებამ ქალაქს პარლამენტი წაართვა და არც განვითარებაზე ფიქრობს. ქუთაისი მომავალ წელსაც მაჩანჩალა ქალაქი იქნება,”-განაცხადა გიგა შუშანიამ.
გიგა შუშანია მიიჩნევს, რომ მერიისა და საკრებულოს შენახვისათვის გამოყოფილი თანხების განახევრებით შესაძლებელი იქნება ბაღების, სამუსიკო სასწავლებლებისა და ბიბლიოთეკების თანამშრომლების ხელფასების 200 ლარით ზრდა.
შუშანიამ ქალაქში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ბიუჯეტის პროექტში თანხები არც რიონისპირა სახლების, გაპონოვის ქუჩის, ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისათვისაა გამოყოფილი, რასაც დეპუტატმა წინასაარჩევნოდ სატყუარა უწოდა.
ოპოზიციონერი დეპუტატი ხელისუფლებას ბიუჯეტის უკან გაწვევისაკენ მოუწოდებს და ქუთაისელებზე უფრო მეტად მორგებული ახალი პროექტის საკრებულოში შეტანას ითხოვს.