თეთრ ხიდზე განთავსებულ ციტატებზე ავტორის არასწორად მითითების შესახებ კომენტარი მედიასთან ქუთაისის
მერიის კულტურის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თამთა თურმანიძემ გააკეთა. თურმანიძის თქმით, ტექნიკური შეცდომა მალევე გამოსწორდება.
“თეთრი ხიდი ჩვენი ქალაქის ისტორიის მატარებელია. სამწუხაროდ, ერთ-ერთი ფილის დამზადების დროს გაიპარა ტექნიკური შეცდომა, რომელიც მალე აღმოიფხვრება. შესაძლოა, ხვალ უკვე გამოსწორებული იყოს,”-განაცხადა თურმანიძემ.
ციტატები მრჩეველთა საბჭომ და აკადემიურმა წრემ შეარჩია. თავდაპირველად, პროექტის მიხედვით, ფილებზე ცისფერყანწელთა შემოქმედებიდან უნდა დატანილიყო ფრაზები, თუმცა, მას სხვა ავტორებიც დაემატა.
“ცისფერყანწელთა შემოქმედებაში არც ისე ბევრი ფრაზაა ქუთაისის შესახებ. ასევე, ხიდმა უნდა ასახოს ქალაქის ისტორია, ამიტომ შეირჩა ის ისტორიული ნარკვევები, რომლებიც ცხადყოფს ჩვენი ქალაქის სიძველეს,”-განაცხადა თურმანიძემ.
შეგახსენებთ, რომ თეთრ ხიდზე, ერთ-ერთ ლითონის ფირფიტაზე ამოტვიფრული ლექსის ავტორად კოლაუ ნადირაძე წერია. ნაწყვეტი ლექსიდან “აღსარება ქუთაისს” არის, რომელიც ტერენტი გრანელს ეკუთვნის. ქუთაისის მერიაში აღნიშნულს ტექნიკურ შეცდომას უწოდებენ.
ქუთაისში თეთრი ხიდი რამდენიმე დღის წინ გაიხსნა. გახსნიდან, 2 დღეში ხიდის საფარი დაზიანდა. ხიდის რეაბილიტაციის პროექტი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია “ალმა რუს საქართველომ” შეასრულა. სამუშაოებისთვის 436 ათასი ლარი დაიხარჯა.