2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 11 წელი გავიდა. დედაქალაქში მომხდარ მოვლენებს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის
მოადგილე ირაკლი შენგელია ეხმაურება. როგორც შენგელია აცხადებს, იმდროინდელი ხელისუფლება საკუთარ ხალხს სასტიკად გაუსწორდა. მისივე განმარტებით, მოსახლეობამ ამ წარსულის გამეორება არ უნდა დაუშვას. შენგელიას თქმით,დღევანდელი დღე კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, რადგან წინ მეორე ტური გველოდება.
“დღევანდელი დღე სიმბოლოა ძალადობრივი რეჟიმის შეხსენების. ხელკეტები, ცრემლსადენი აირი, რეზინის ტყვიები, აკუსტიკური თოფები და წყლის ჭავლი, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შექმნა, საკუთარ ხალხზე სასტიკად გასწორება – ჩვენ, ყველას გვახსოვს 7 ნოემბერი. მე, ირაკლი შენგელიას, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, საქართველოს მოქალაქეს, მეუღლეს, მამას არ მინდა წარსულში დაბრუნება. ფსევდო დემოკრატიას წლების წინ ვუთხარით უარი. ვიღაცებს უარის თქმა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად დაუჯდა. ეს ყველაფერი დღეს მძიმე წარსულია. ამ წარსულის განმეორების საფრთხე ჩვენ აღარ უნდა შევქმნათ. დღევანდელი დღე კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, რადგან წინ მეორე ტური გველოდება. ჩვენ კი იმ ფონზე, რაც გამოვიარეთ ყოველთვის უნდა ვთქვათ უარი ძალადობრივ რეჟიმზე. დღეს ქვეყანას, თავისუფალი საზოგადოებისა და დემოკრატიული ღირებულებების განვითარებისთვის, ქართველი ხალხის ერთიანობა სჭირდება. ჩვენ წარსულში დაბრუნება არ გვინდა,”-განაცხადა ირაკლი შენგელიამ.
2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 11 წელი გავიდა. სამი დარბევა ერთ დღეს, აქციის დაშლა რუსთაველის გამზირსა და რიყეზე, შეჭრა ტელეკომპანია “იმედში” – სპეცდანიშნულების რაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, ხელკეტები, რეზინის ტყვიები, აკუსტიკური იარაღი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
7 ნოემბრის საღამოს კი სპეცრაზმი ტელეკომპანია “იმედში” შეიჭრა და არხის მაუწყებლობა გათიშა.