ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხელისუფლებას
თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის აკრიტიკებს. გიგა შუშანიამ ხიდზე ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ნახევარი მილიონი ლარი ბიუჯეტიდან ქუთაისის მერიამ წყალში გადაყარა. მისი განმარტებით, ხიდზე სამუშაოები უხარისხოდ არის შესრულებული და მოქალაქეებისათვის მასზე გადაადგილება უსაფრთხო არ არის.
“ეს არის უხარისხოდ შესრულებული სამუშაო, ხიდის ზედაპირი არის არამდგრადი, რაც შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. მერიასა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის მიმდინარეობდა ფარული მოლაპარაკებები, ვინაიდან კომპანიამ ვერ შეძლო და პროექტით გათვალისწინებული იერსახე ვერ მისცა ხიდს, ამიტომ არ გამოვრიცხავ რომ ადგილი ჰქონოდა კორუფციულ გარიგებას,”-განაცხადა შუშანიამ.
როგორც ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე დასაქმებულები აცხადებენ, ხიდზე გადაადგილება ნებისმიერ სეზონზე უსაფრთხო იქნება.
“ხის მასალა უფრო სრიალებს, სრიალებს ასფალტიც, ზამთარში ყველაფერი სრიალებს. საყრდენზე ადრე უფრო მეტი დაწოლა იყო ასფალტის სახით და ახლა უფრო შემსუბუქდა. მატარებელმა რომ გადაიაროს ის გაუძლებს,”-ამბობს რამაზ ხურციძე.
ხიდის რეაბილიტაციის პროექტი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია “ალმა რუს საქართველომ” შეასრულა. სამუშაოებისთვის 436 ათასი ლარი დაიხარჯა. ხიდი 2 დღის წინ გაიხსნა.