შინაგან საქმეთა სამინისტრო არჩევნების დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით პოლიციის მობილური ჯგუფები იმუშავებს.
“ყველა რეგიონში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დასაცავად, შექმნილია პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოახდენენ რეაგირებას სამართალდარღვევებზე და დაიცავენ მართლწესრიგს. პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც არჩევნების დღეს სამსახურებრივ მოვალეობას შეასრულებენ, გავლილი აქვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთობლივი გადამზადების კურსი, რომელიც პრაქტიკულ საკითხებთან ერთად, არჩევნების დღეს პოლიციის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ რეგულაციებსაც მოიცავდა,”-ნათქვამია განცხადებაში.
საპრეზიდენტო არჩევნები ხვალ იმართება, სადაც მოქალაქეები პრეზიდენტს პირდაპირი წესით უკანასკნელად აირჩევენ.