“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
ელენე ხოშტარია “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატისგან , სალომე ზურაბიშვილისგან ხორავას ქუჩის საქმეზე პოზიციის დაფიქსირებას ითხოვს. ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ზურაბიშვილმა კომისია მაშინ დატოვა, როდესაც დასკვნა უნდა დადებულიყო და ინფორმირებულია ყველა ხელის დაფარების ფაქტზე, რაც ასახულია კომისიის დასკვნაში.
“პირველ რიგში უნდა ახსნას, თუ როგორ შეიძლება, ადამიანი, რომელიც გეგმავს, რომ იყოს სამართლიანობის გარანტი პრეზიდენტის სახით, გარბის კომისიიდან მაშინ, როდესაც უნა დაიდოს შედეგი. მას შემდეგ, რაც მან დატოვა კომისია არ გაუკეთებია არცერთხელ არანაირი განცხადება ხორავას ქუჩის საქმეზე. არ მოუთხოვია ხელისუფლებისგან, რომელიც დღეს მას მხარს უჭერს, ქმედებები. მან დებატებზეც აარიდა თავი ამ თემაზე საუბარს”,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მისვე თქმით, ზურაბიშვილი თავად იყო აღშფოთებული კომისიაში ყოფნის დროს პროკურატურის ტყუილებით.
“კომისიაში მისი პოზიცია იყო საკმაოდ მწვავე. ერთ-ერთი გადაცემაში მან პირდაპირ განცხადა, ზუსტად მახსოვს , რომ ეს არის შეკერილი საქმე. ერთა ვიყავით ეთერში და გამიკვირდა კიდევაც მისი გამბედაობის. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ იყო სწორ პოზიციაზე”,- განცხადა ელენე ხოშტარიამ.
პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს შეიქმნა. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიამ ორი დასკვნა შეიმუშავა. ერთია “ევროპული საქართველოს” დასკვნა, ხოლო მეორე – “ქართული ოცნების”. “ქართული ოცნების” მიერ შემუშავებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ვერ დადასტურდა სხვა პირის არსებობა, რომელიც საგამოძიებო სამსახურებსა და პროკურატურას უნდა მიეცათ პასუხისგებაში დავით სარალიძის მკვლელობისათვის – მისთვის სასიკვდილო ჭრილობის მიყენების ფაქტზე. “ევროპული საქართველოს” შეფასებით, ხორავას ქუჩის საქმის გამოძიება მირზა სუბელიანის ინტერესების შესაბამისად წარიმართა.
5 სექტემბერს, საბოლოო დასკვნა ხორავას ქუჩის საქმის დროებითმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ 9 ხმით 4-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.