ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭოს წევრები
პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის შესახებ ქალაქის მერს პოზიციის დაფიქსირებისაკენ მოუწოდებენ. საბჭოს დღევანდელ სხდომაზე წევრები და სოციალური აქციის ორგანიზატორები მაისურებით წარწერით- “დატოვე პარლამენტი ქუთაისში!” გამოცხადნენ. მათი განცხადებით, საზოგადოება დიდი ხანია მერის ან მერის სახელით გაკეთებულ განცხადებას ელოდება.
“მერის სახელით განცხადება არ მოგვისმენია, მოვისმინეთ საკრებულოს დონეზე. ჩვენი საზოგადოება ელოდება მერის სიტყვებს,”-განაცხადა საბჭოს მდივანმა ნუგზარ კოხრეიძემ.
საბჭოს წევრმა ქეთევან ბერძენიშვილმა იმ სარგებლის შესახებ ისაუბრა, რაც ქუთაისს პარლამენტის ქალაქში სრულად ფუნქციონირების შემთხვევაში ექნებოდა.
“ქალაქის მერობა არ ნიშნავს პარტიულობას, ნიშნავს მოქალაქეთა ინტერესების გატარებას. პარლამენტის ქალაქში სრულად ფუნქციონირების შემთხვევაში, ქუთაისს ექნება განვითარების შანსი. იგეგმებოდა ბევრი მსხვილი ინიციატივის განხორციელება, რომელიც ნახევარი მილიარდი ლარის ინვესტიციას მოუტანს ქალაქს,”- განაცხადა ქეთი ბერძენიშვილმა.
საბჭოს კიდევ ერთი წევრის ხვიჩა ვაშაყმაძის თქმით, მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ თუ რას ფიქრობს თვითმმართველობა.
“ქალაქის ხელისუფლებას კარგა ხნის წინ უნდა ეთქვა სიტყვა. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რას ფიქრობს თვითმმართველობა,”-ამბობს ხვიჩა ვაშაყმაძე.
საბჭოს წევრები ქალაქის მერისადმი პოზიციის დაფიქსირების მოწოდებასასთან დაკავშირებით რეკომენდაციებსაც შეიმუშავებენ