პოლიტიკა
"არ მიგვიღია არანაირი ოფიციალური შეტყობინება"-მადლიერების სახლის დირექტორი
ქუთაისის მადლიერების სახლის დირექტორს თამთა ბაკურაძეს დაწესებულების კუთვნილი თანხების გაფლანგვას ედავებიან. ასევე, ბაკურაძეს უკანონო გათავისუფლებაში ადანაშაულებენ უფასო სასადილოს ყოფილი თანამშრომლები. საკითხზე კომენტარი თამთა ბაკურაძეს გააკეთა. მისი მტკიცებით, საქმე ეხება ერთ-ერთი თანამშრომელზე შეცდომით დარიცხულ თანხას. მისივე განმარტებით, მადლიერების სახლს არანაირი ოფიციალური შეტყობინება არ მიუღია.

,,ა(ა)იპ მადლიერების სახლთან დაკავშირებით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ფინანსურ გარღვევას ჰქონდა ადგილი. როგორც ჩვენთვის ცნობილია, საქმე ეხება ერთ-ერთი თანამშრომელზე შეცდომით დარიცხულ თანხას, რომელიც 214 ლარს შეადგენს და მიღებული ზომების შედეგად, აღნიშნული თანხა უკან დაბრუნდა მიმდინარე წლის ივნისის თვეში. ქუთაისის მერიისთვის ჯერ არ მოუმართავს არც ერთ სამართალდამცავ ორგანოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ისევე, როგორც არც მადლიერების სახლის წარმომადგენლებისათვის. გამოძიება დაწყებულია არა პირადად თამთა ბაკურაძის მიმართ, არამედ ფაქტზე, თუმცა ჩვენ არ მიგვიღია არანაირი ოფიციალური შეტყობინება. ქალბატონი მაგული გიორგაძე ჯერ კიდევ მაისის თვეში ამბობდა, რომ ა(ა)იპ მადლიერების სახლის ხელმძღვანელის თამთა ბაკურაძის წინააღმდეგ პროკურატურამ აღძრა საქმე, თუმცა აღნიშნული ფაქტი არ დადასტურდა. სამწუხაროა, რომ რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული თანამშრომლები მსგავსი ტიპის აქტივობით ცდილობენ ყურადღების მიქცევას საკუთარი პერსონების მიმართ. რეორგანიზაცია განხორციელდა კანონის ყველა მოთხოვნათა დაცვით და დარწმუნებული ვართ, რომ სასამართლოც იმავეს დაადასტურებს ისევე, როგორც გამოძიების შედეგად დადასტურდება ყოველგვარი შესაძლო გადაცდომის არ არსებობა,"-განაცხადა ქუთაისის ა(ა)იპ "მადლიერების სახლის" ხელმძღვანელმა თამთა ბაკურაძემ.


| Print |