ქუთაისის მერია იტალიაში, ქალაქ კოზენცაში ოფიციალური დელეგაციის სტუმრობის ხარჯებს ასაჯაროვებს.
მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის 4 წარმომადგენლის სამივლინებო ხარჯმა 7000 ლარი შეადგინა. აქედან სატრანსპორტო მომსახურებაზე დაიხარჯა 4800 ლარი. მათივე ინფორმაციით, დანარჩენი თანხა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის 211-ე დადგენილების მე-3 მუხლის, მოხელეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესის შესაბამისად გაიცა.
“აღნიშნულ მუხლში წერია რომ მოხელეს, რომელსაც გზავნიან სამსახურებრივ მივლინებაში, სრულად უნდა აუნაზღაურდეს სამივლინებო ხარჯები მივლინებაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. ასევე, თანამდებობის პირს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას ყოველდღიურად მიეცემა ამ წესის №2 დანართით გათვალისწინებული სადღეღამისო ნორმის დანამატი. ამასთან, №2 დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის თანამდებობის პირებს აუნაზღაურდებათ ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის დაქირავებისა და წარმომადგენლობითი ხარჯები. სადღეღამისო ხარჯები იანგარიშება სამსახურებრივ მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და უქმე, აგრეთვე, მივლინებაში გამგზავრებისა და მივლინებიდან დაბრუნების დღეების ჩათვლით,”-აცხადებენ მერიაში.
მერიაში აცხადებენ, რომ ქუთაისის მერისა და ვიცე-მერის ვიზიტი ქალაქ კოზენცაში მიმდინარე წლის 6-9 სექტემბერს ოფიციალური მიწვევით განხორციელდა. ვიზიტის მიზანი იყო ორ ქალაქს შორის ურთიერთანამშრომლობის გზებზე საუბარი და ინტერკულტურული გაცვლითი პროგრამები. შეხვედრა ოფიციალურად ქალაქ კოზენცას მერიის შენობაში შედგა ქუთაისის მერსა და კოზენცას მერ მარიო ოჩიუტოს შორის სადაც სამომავლო ინტერკულტურულ გაცვლით პროგრამებს შეეხო საუბარი, რომლის ფარგლებში სამომავლოდ ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლისა და თეატრის გასტროლი იგეგმება კოზენცაში. ქუთაისსა და კოზენცას შორის მეგობრობის მემორანდუმი მიმდინარე წლის მაისში გაფორმდა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისელმა მხატვრებმა იტალიაში პლენერში მიიღეს მონაწილეობა. სწორედ იქ ყოფნის დროს დახატა მხატვარმა ლევან გოგიტაძემ ქუთაისის მერის პორტრეტი.