“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიგა შუშანია ქუთაისის მერიას
საჯარო ინფორმაციის გაცემის წესების დარღვევაში ადანაშაულებს. ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ მან თვითმმართველობას წერილით 11 სექტემბერს მიმართა, რაზეც პასუხი დღემდე ვერ მიიღო.
“წერილი გავუგზავნე ქუთაისის მერიას 11 სექტემბერს, რომლითაც მოვითხოვე ინფორმაცია, რამდენი დაიხარჯა ბიუჯეტიდან იტალიაში ჭიღვარიას სურათის გამოფენის ორგანიზებასა და დელეგაციის მივლინებაზე. დღემდე მერიისაგან პასუხი არ მიმიღია. დიდი ხნის დარღვეულია კანონით გათვალისწინებული ვადაც. საინტერესოა, რატომ მალავს ქუთაისის მერია ამ ინფორმაციას?,”-ამბობს გიგა შუშანია.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ გიგა შუშანიას მოთხოვნილ ინფორმაციას დღეს გაუგზავნიან.
შეგახსენებთ, რომ იტალიაში, კოზენცაში ქუთაისელ მხატვართა ჯგუფი პლენერში იღებდა მონაწილეობას. სწორედ იქ დახატა მხატვარმა ლევან გოგიტაძემ ქუთაისის მერის პორტრეტი.