ქუთაისის საკრებულომ ავტომანქანის პარკირების წესის დადგენილებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა.
საკითხი დეპუტატებმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს. ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ზვიად ჯავახიას განცხადებით, ცვლილებები ძირეული არ არის და მერია ავტომანქანის მფლობელს პარკირების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში დააჯარიმებს. მისივე განმარტებით, ავტომობილების საჯარიმოზე გადაყვანა არ მოხდება.
“ამ დრომდე ვერ ვიყენებდით პარკირების წესის დარღვევისათვის ჯარიმას და ავტომობილის მფლობელს ვაჯარიმებდით სხვა პუნქტით, დგომა-გაჩერების წესის დარღვევისათვის. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ახალი მუხლი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, ავტომობილი პირდაპირ დავაჯარიმოთ პარკირების წესების დარღვევისათვის. მერია არ მოახდენს მანქანების ევაკუატორით გადაყვანას,”-განაცხადა ზვიად ჯავახიამ.
მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა. ფრაქცია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” მიიჩნევენ, რომ ცვლილებები, ქუთაისის მერიას აძლევს საშუალებას, ნებისმიერი ავტომობილი თანხის გადაუხდელობის გამო გადაიყვანოს საჯარიმოზე.
“ქუთაისის მერიამ ის ფუნქცია დაიმატა, რისთვისაც “სითი პარკს”ვაკრიტიკებდით. ის არაფრით განსხვავდება იმ სისტემისაგან, რომელიც “სითი პარკს” გააჩნია. დაჯარიმებები, მანქანების გადაყვანა და ყველა პრობლემა, რომლებსაც თავი დააღწია თბილისმა, დღეს ვღებულობთ ქუთაისში,”-განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგა შუშანიამ.
რაც შეეხება მანქანების ევაკუატორით გადაყვანას, ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტს მსგავსი მანქანები არ ჰყავს და მათი შეძენა არც უახლოეს პერიოდში იგეგმება.
დარღვევა პარკირების ადგილებზე ავტომანქანების საფასურის გადახდის გარეშე დაყენებას გულისხმობს, რომელიც 10-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.