“თავისუფალი საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატი, კახა კუკავა ქუთაისელ ამომრჩეველს შეხვდა.
კუკავამ წინასაარჩვენო დაპირებები ჭავჭავაძეზე დასაქმებულ მოვაჭრეებს გააცნო.
პრეზიდენტობის კანდიდატის განმარტებით, არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში, ბანკებს ადამიანების საცხოვრებლიდან გამოსახლება აეკრძალებათ, მევახშეები კი უკანონო სამეწარმეო საქმიანობისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემიან.
“მთავარი, რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის საბანკო და სამევახშეო სესხების დასრულება საქართველოში. მევახშე უნდა ჩაჯდეს ციხეში,”-განაცხადა კახა კუკავამ.
რაც შეეხება ქუთაისის ფუნქციას, პრეზიდენტობის კანდიდატი განმარტავს, რომ ქუთაისს პოლიტიკური ცენტრისა და საგანმანათლებლო ქალაქის სტატუსი უნდა ჰქონდეს. კუკავა მიიჩნევს, რომ პარლამენტი ქუთაისში უნდა დარჩეს.
“ჩვენი გუნდი გამონაკლისია, რომელიც ღიად აფიქსირებს, რომ პარლამენტი ქუთაისში უნდა დარჩეს. უნდა იმუშაოს სრული დატვირთვით და არა ისე, როგორც ახლა. ასევე, შესაძლებელია, რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი თბილისიდან ქუთაისში იქნეს გადმოტანილი. ამით მოიგებს ქალაქიც, რადგან ქუთაისი დეპრესიული ქალაქია და მას ხელოვნური სტიმულირება სჭირდება,”-აღნიშნა კუკავამ.
კახა კუკავას საარჩევნო დაპირებები 10 პუნქტისაგან შედგება და როგორც “თავისუფალ საქართველოში” აცხადებენ, სია ხალხის მოთხოვნებიდან გამომდინარეა შედგენილი. დაპირებები საწვავზე მონოპოლიის გაუქმებას, ნარკოტიკებთან ბრძოლას, “ანტიდისკრიმინაციული კანონის” გაუქმებასა და სხვა პუნქტებს მოიცავს.