ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე მე-4 სხდომა გაიმართა.

სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ქუთაისში ქუჩების რეაბილიტაციის გაჭიანურება გააპროტესტეს. ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები დაინტერესდნენ, როდის დასრულდება სამუშაოები ასათიანის, რუსთაველისა და თბილისის ქუჩებზე.

“პროცესი ჭიანურდება, ქუჩები კიდევ დიდხანს იქნება გადათხრილი. მიუხედავად მტკიცებისა, რომ რეაბილიტაცია დადგენილ ვადაში დასრულდება, დავაკვირდებით პროცესს და დავაფიქსირებთ, რომ აქ სერიოზული პრობლემებია. რუსთაველის ქუჩა წყალკანალს გადააბრალეს. ვეღარ ვგებულობ რეალურად რომელი ქუჩები კეთდება და რომელი არა,”-განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ბესიკ ბრეგაძემ.

ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილის, მირზა ხიდაშელის თქმით, თბილისის ქუჩაზე სამუშაოები დადგენილ ვადებში მიმდინარეობს. მისივე განმარტებით, კომპანიას ვადა ოქტომბრამდე აქვს.

“რაც შეეხება ასათიანის ქუჩას, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ აქ ღვარსადენი რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. გამოვაცხადეთ საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი და მიმდინარე კვირის ბოლოს პროექტი გვექნება. ამ დროისთვის დაზუსტდება ხარჯთაღრიცხვა და საბოლოოდ მოეწყობა ახალი ღვარსადენი,”-განაცხადა მირზა ხიდაშელმა.

ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილის განმარტებით, რუსთაველის ქუჩაზე კი გზის საფარის რეაბილიტაცია წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *