ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა გიგა შუშანიამ ფონდ “ქუთაისი”-ს შექმნა გააპროტესტა. შუშანიას თქმით, აღნიშნული ფონდი ქუთაისის მადლიერების სახლის დირექტორის თამთა ბაკურაძის სახელზეა დარეგისტრირებული და ის წინასაარჩევნოდ თანხების მოკრებას ემსახურება.
“შეიქმა ე.წ პარტიული ყულაბა. ქუთაისის მერიის თანამშრომლებს აიძულებენ, თავიანთი ხელფასის 1% ამ ყულაბაში, ანუ ფონდში გადარიცხონ. ფონდი არის კერძო, შესაბამისად, მისი კონტროლი თითქმის შეუძლებელია,”-განაცხადა გიგა შუშანიამ.
ოპოზიციონერი დეპუტატი სამართალდამცავ ორგანოებს ფონდის საქმიანობის შესწავლისაკენ მოუწოდებს.
ქუთაისის ვიცე-მერი ნინო თვალთვაძე განმარტავს, რომ მას ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრა ჰქონდა. თვალთვაძე აღნიშნული ფონდის ქუთაისის მერიასთან კავშირსა და მისი პოლიტიკური ინტერესებისათვის გამოყენებას უარყოფს.
“ფონდი არ არის ქუთაისის მერიის რეგისტრირებული. ის თამთა ბაკურაძის მიერაა დაფუძნებული. არავინ არავის აიძულებს აქ ხელფასის გადარიცხვას. ამ ფონდის შექმნის საჭიროება ნამდვილად არსებობდა. არც ადგილობრივ და არც ცენტრალურ ხელისუფლებას შეუძლია მოსახლეობის მიერ მოთხოვნილი მკურნალბის თანხის დაფარვა. მე ჩემი ხელფასიდან გადავრიცხავ თანხებს ფონდში. ფონდის საქმიანობა უნდა იყოს გამჭვირვალე და მოვუწოდებ არასამთავრობო ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ მისი ანგარიშებით,”- განაცხადა ნინო თვალთვაძემ.
საქველმოქმედო ფონდი “ქუთაისი”-ს წესდებაში წერია, რომ მისი მიზანია შესაბამისი სახსრების მობილიზება საქველმოქმედო, სოციალური და კულტურული საქმიანობისათვის. ფონდის დამფუძნებელი, ააიპ “ქუთაისის მადლიერების სახლი”-ს დირექტორთან ერთად, სამი პიროვნებაა.