“ზაზა სარალიძეს არავითარი მოტივაცია
არ ჰქონდა ქალაქის მერისათვის დაებრალებინა ზეწოლა”,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა გიგა შუშანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, უნდა დაიწყოს გამოძიება და დაისაჯოს ყველა ის პირი, რომლებმაც ზაზა სარალიძის ნათესავებზე ზეწოლა განახორციელეს.
“მოვისმინეთ ზაზა სარალიძის განცხადება, რომ მის ნათესავზე, რომელიც ქუთაისის მერიაში მუშაობს, ქუთაისის მერი და სხვა მაღალჩინოსნები ახორციელებდნენ ზეწოლას. კონკრეტულად, მოითხოვდნენ მისგან გამიჯვნოდნენ იმ პროცესებს, რომლებიც ახლა მიმდინარეობს მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში მას სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებოდნენ. ზაზა სარალიძეს არავითარი მოტივაცია არ ჰქონდა დაებრალებინა ეს ქალაქის მერისათვის. ამიტომ მოვითხოვთ გამოძიების დაწყებას. დადგინდეს ყველა ის პირი, რომლებიც ზეწოლაში მონაწილეობდნენ”,- განაცხადა გიგა შუშანიამ.
შეგახსენებთ, რომხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ქუთაისის მერიის მაღალჩინოსნები ზეწოლაში დაადანაშაულა. სარალიძე აცხადებდა, რომ მისი ცოლის დის ოჯახში მაღალი თანამდებობის პირები მივიდნენ და ოჯახის ახლობლებს მისი მეუღლის გადაბირებასა და მიმდინარე პროცესებისაგან ჩამოშორებას სთხოვდნენ.
სარალიძის ბრალდებას მაშინ ქუთაისის მერიაში უპასუხეს და განაცხადეს, რომ ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამებოდა.