ქუთაისის მერია მის საკუთრებაში არსებულ ქუთაისის მე-4 შერეულ პოლიკლინიკას 16 000 ლარის ღირებულების აპარატურას შეუძენს.
თანხა 3 სახის დანადგარის შესაძენადაა გათვალისწინებული, რისთვისაც ტენდერი უკვე გამოცხადდა გამარჯვებულიც გამოვლინდა.
გადაწყვეტილება ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გააპროტესტეს. როგორც ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გია უკლება მიიჩნევს, მერიის გადაწყვეტილება მიკერძოებისა და კორუფციის არსებობის ეჭვს აჩენს.
“არსებობს ეჭვი, რომ მერია ამას მიკერძოებით აკეთებს. აპარატურის ყიდვა პოლიკლინიკას საკუთარი ხარჯებით შეეძლო. მერია გვპირდება, რომ დივიდენტებს მიიღებენ ამ აპარატურის გადაცემის შემთხვევაში, რაც საეჭვოა. თუ შპს მომგებიანია, მას თავად უნდა შეეძლოს აპარატურის შეძენა და არა მერიის ხარჯზე,”-ამბობს უკლება.
ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ თუ პოლიკლინიკას მერიის დახმარება სჭირდება და მოგების მომტანი არ არის, შესაძლოა, მისი კერძო საკუთრებაში გადაცემა გამოსავალი იყოს.
როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, კლინიკა ამჟამად 40 000-მდე ბენეფიციარს ემსახურება. მათივე განმარტებით, პოლიკლინიკაში ჩადებული ინვესტიცია შემდგომში უფრო დიდი მოგების მომტანია.