საიას ინფორმაციით, ვანის #6 და #9 საარჩევნო
უბნებზე ერთდროულად იმყოფებოდა “ევროპული საქართველოს” 2 წარმომადგენელი. აგრეთვე ხონის #26 საარჩევნო უბანზე ერთდროულად იმყოფებოდა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის “ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო თანამეგობრობა” 2 წარმომადგენელი. ასევე ვანის #9 უბანზე ერთდროულად იმყოფებოდა “ქართული ოცნების” 2 წარმომადგენელი.
აღნიშნულ უბნებზე საიას დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული შენიშვნის შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა და აღნიშნული ორგანიზაციებიდან უბანზე მყოფმა თითო წარმომადგენელმა საარჩევნო უბნები დატოვეს.
საიას ინფორმაციით, ვანის #19 უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაზეთი “საჩინოს” სადამკვირვებლო ბეჯით იმყოფებოდა უხუთის თემიდან ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.
“უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან პირები, რომლებიც აწარმოებენ მოსული ამომრჩევლის აღრიცხვას. განვმარტავთ, რომ აღნიშნული წარმოადგენს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ირიბ კონტროლს, რაც პრობლემაა. აღნიშნული ფაქტები მიუთითებს, რომ დღის წესრიგში კვლავ დგას ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირების აუცილებლობა, რაც საჭიროებს საარჩევნო კოდექსში უბნის მიმდებარე ტერიტორიის ცნების განსაზღვრას.” – აღნიშნულია საიას განცხადებაში.