ქუთაისის მერიაში “ერთიანი ნაციონალური”
მოძრაობის საპასუხო განცხადებას აკეთებენ.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, ტურისტი, რომელიც ქუთაისის აეროპორტში ჩამოვა, ქალაქის ნახვის გარეშე არ წავა.
“ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ქუთაისი ტურისტებისთვის იყოს საინტერესო, მიმზიდველი და სანახაობრივი. ტურისტი, რომელიც ჩამოვა ქუთაისის აეროპორტში, არ წავა ქუთაისის ნახვის გარეშე. ასევე, ქალაქს სტაბილური სატრანსპორტო კავშირი უნდა ჰქონდეს რკინიგზის სადგურთან, რათა იქიდან ჩამოსული ტურისტი თავისუფლად მოხვდეს ქუთაისში,”-განაცხადეს ქუთაისის მერიაში.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, ქუთაისის აეროპორტთან სასტუმროებისა და სარკინიგზო ხაზის მშენებლობის შესახებ, ენმ-ის ქუთაისის ორგანიზაციის წევრებმა გააპროტესტეს. პარტიაში მიჩნევენ, რომ ქალაქში ვიზიტორთა რაოდენობა შემცირდება, სასტუმროები დაიხურება და მოსახლეობასაც ზარალი მიადგება.