ქუთაისში, ჭავჭავაძის #46-ში, ადგილობრივებმა, დასასვენებელ პარკში მიმდინარე უკანონო მშენებლობა გააპროტესტეს.

“უნდა აშენებულიყო კონსტრუქცია, რომელიც ხეებს შეიწირავდა. ხეების გახარებაში ყველა მცოვრებს თავისი წვლილი აქვს შეტანილი. ახლა კი რატომ უნდა განადგურდეს ვიღაცის ამბიციის გამო?”-აცხადებს ადგილობრივი ნანა ლორთქიფანიძე.

როგორც ადილობრივები განმარტავენ, კონსტრუქციის მშენებლობისათვის სამუშაოები გუშინ დაიწყო. მათივე თქმით, ამ ეტაპზე მშენებლობა გიორგი ჭიღვარიას ბრძანების საფუძველზე შეწყდა.

ადგილობრივებს “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობაც შეუერთდა.

“მოსახლეობასთან ერთად ვაპროტესტებთ მშენებლობას, რომელსაც ნებართვის ვადა გასული აქვს. მოვუწოდებთ ქალაქის მერსა და გუბერნატორს, მოვიდნენ ადგილზე და მოახდინონ უკანონო მშენებლობის დემონტაჟი. სკვერი ერთადერთია აქ მდებარე კორპუსებისათვის, ამიტომ მოქალაქეების მოთხოვნა სამართლიანია,”-განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის წევრმა” გიგა შუშანიამ.

როგორც ჭავჭავაძის #46-ში მცხოვრებლები განმარტავენ, დაგეგმილი მშენებლობის შესახებ მათ ინფორმაცია ერთი წელია აქვთ.

ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ზვიად ჯავახიას თქმით, მშენებლობა უკანონოა, რის გამოც მერიამ კომპანიას სკვერის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანისაკენ მოუწოდა. ჯავახიას თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიას ჯარიმა დაეკისრება.

ადგილზე მშენებლობას შ.პ.ს. “იმერეთი” ახორციელებდა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *