“ევროპა ჩვენი სახლია”-ს წარმომადგენლების ბრალდებებს იმის შესახებ,
რომ ქუთაისის მერიამ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი დაარღვია და გარე განათების ქსელის მოსაწესრიგებლად გამოცხადებული ტენდერი ბოლო რაუნდში უკანონოდ გააუქმა, ქუთაისის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსის მოადგილე რუსუდან ჩინჩალაძემ უპასუხა.
“სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, ტენდერი შეწყდა მაშინ, როდესაც უბრალოდ ვნახეთ თუ ვინ იყვნენ პრეტენდენტები. შესყიდვების სააგენტოსთან 10 დღით ადრე შეთანხმების ვალდებულება ჩვენთვის არ არის ცნობილი. შეწყვეტის ოქმის ატვირთვა პორტალზე ხდება და მისი ნახვა ყველას შეუძლია,”-განაცხადა ჩინჩალაძემ.
როგორც ჩინჩალაძემ განმარტა, მერიამ “ქუთგანათების” შექმნის თაობაზე გადაწყვეტილება თანხების დაზოგვის მიზნით მიიღო. ჩინჩალაძის თქმით, არც შესყიდვების კანონი და არც რომელიმე მონაწილე მხარის უფლება დარღვეულა.
“პრეტენდენტებს არანაირი ხარჯი არ გაუწვიათ ფასის დასაფიქსირებლად. ეს არის საკმაოდ უმტკივნეულო ეტაპი,”-განაცხადა ჩინჩალაძემ.
აღნიშნულ საკითზე განცხადება “ევროპა ჩვენი სახლია”-ს წარმომადგენლებმა დღეს გააკეთეს. ორგანიზაციაში განმარტავდნენ, რომ მერიის ქმედებით არა მხოლოდ კანონი დაირღვა, არამედ თავისუფალი ვაჭრობის განვითარებასაც შეეშალა ხელი.