ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ქუთაისში პარკირების საფასურის განახევრების ინიციატივით გამოდის.
ფრაქციაში განმარტავენ, რომ დადგენილი ტარიფი მაღალი და პარკირების ადგილების რაოდენობასთან შეუსაბამოა.
ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გიგა შუშანია მიიჩნევს, რომ მსუბუქი ავტომობილის ავტოსადგომზე გასაჩერებლად წელიწადში 40 ლარის, თვეში კი 10 ლარის გადახდა მოსახლეობისათვის შეუძლებელია.
შუშანიას თქმით, უნდა დაიწყოს მუშაობა სტრატეგიაზე, რომლის ფარგლებშიც პრობლემის გადაჭრის დროში გაწერილი გეგმა შემუშავდება. ამასთანავე, ფრაქციაში თვლიან, რომ პარკირების პრობლემები კერძო კომპანიას უნდა მოეგვარებინა და არა მერიის მიერ დაფუძნებულ კომპანიას.
“მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისში პარკინგის საკითხის მოწესრიგება დაევალა არა კერძო კომპანიას, რაც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაა, არამედ მუნიციპალიტეტის მიერ საგანგებოდ დაფუძნებულ კომპანიას, პარკინგის ადგილების გაზრდის და სხვა პრობლემების მიმართულებით არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები. უფრო მეტიც, ქუთაისში მივიღეთ “სითი პარკის” ანალოგიური მოდელი იგივე ტარიფებით და მიდგომებით. ქუთაისში პარკირების საფასური უნდა განახევრდეს,”-განაცხადა შუშანიამ.
ფრაქციაში თვლიან, რომ “პარკინგსერვისი” ახლობლებისა და “ქართული ოცნების” აქტივისტების დასაქმების ადგილი გახდა, რომელთა ხელფასები და პრემიები ქუთაისელთა ჯიბიდან ამოღებული თანხით ფინანსდება.
ქუთაისის საკრებულოში განმარტავენ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ წერილობითი ფორმით მომზადებული ინიციატივა ახლახანს მიიღეს. მათივე თქმით, საკითხის განხილვა შესაბამის კომისიებში დაიწყება და მიღებული გადაწყვეტილება ცნობილი მალევე გახდება.