“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” ქუთაისის მე-5 მოწვევის საკრებულოს საქმიანობა შეისწავლა.
კვლევაში ჩანს, რომ საკრებულოს 7 თანამდებობის პირს კავშირი ჰქონდა ბიზნეს საქმიანობასთან. შვიდივე მათგანი “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წევრია.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” წარმომადგენელი ლელა მოწონელიძე განმარტავს, რომ მე-5 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნიკა ლატარიამ ქონებრივი დეკლარაცია არასრულად შეავსო.
დეკლარაციაში ბიზნეს წილების არსებობა საერთოდ არ მიუთითეს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე -დავით დვალმა, ქუთაისის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარემ -თეიმურაზ ნადირაძემ და ქუთაისის საკრებულოს კომისიის კიდევ ერთმა თავმჯდომარემ -ირმა პეტრიაშვილმა.
ლელა მოწონელიძის განმარტებით, ირმა პეტრიაშვილი “ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კოლეჯში” დირექტორის პოზიციას იკავებს.
“საკრებულოს აღნიშნულ წევრებს აქვთ კონკრეტულ კომპანიებთან ურთიერთობა, რომელიც არაა მითითებული შესაბამის დეკლარაციებში, მიუხედავად იმისა, რომ ამას კანონმდებლობა ავალდებულებთ. ახალმა თანამდებობის პირებმა უნდა გამოასწორონ აღნიშნული დარღვევები,”-განაცხადა მოწონელიძემ.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევაში ნათქვამია, რომ ბიზნეს წილები დეკლარაციაში ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ -ბექა ყანჩელმა და საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ლელა ქელბაქიანმა სრულად მიუთითეს.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, თანამდებობის პირებმა დეკლარაციები სრულყოფილად შეავსონ.