ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქუთაისის
მერობის კანდიდატს ხმების გადათვლის მოთხოვნაზე უარი უთხრა. გოგი წულაიას თქმით უბნებზე დარღვევები მოხდა, რის გამოც ხმების თავიდან დათვლა იყო საჭირო.
გოგი წულაია ამბობს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების იმედი არ ჰქონდა, თუმცა მან ხმების დასაცავად ბრძოლა მაინც არჩია. მერობის კანდიდატი თიანეთის ფაქტს იხსენებს და ამბობს, რომ როცა პრეცენდენტის “ქართული ოცნებისთვის” უშვებენ, მაშინ იგივე ოპოზიციისთვისაც უნდა მოხდეს.
“არ შეიძლება ქვეყანაში იყოს პრეცედენტი, როდესაც “ქართული ოცნება” მომართავს საოლქოს ისე, რომ უბანში არ არის გასაჩივრებული და ხელახლა ხდება ხმების გადათვლა, ხოლო შენ გიყენებენ პრეტენზიას უბანში უნდა იყოს გასაჩივრებული. “ქართული ოცნებისთვის” შეიძლება, ჩვენთვის – არა”, -ამბობს გოგი წულაია.
მისი თქმით, მან სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.
“გვითხრეს ჩვენ ვართ ახლა და როგორც გვინდა ისე ვმართავთ ქვეყანასო. ამგვარი განცხადებების მერე “ნაციონალურ მოძრაობას” რაც დაემართა ვიცით, ის დაემართებათ ამათაც. გამოვედი სიტყვით და პროტესტის ნიშნად დავტოვე დარბაზი” ,- განაცხადა გოგი წულაიამ.
მისი თქმით, საზოგადოება ჯერ პროტესტისთვის მზად არ არის, თუმცა ქვეყანაში შექმნილი სოციალური ფონიდან გამომდინარე, როცა ამისთვის მზად იქნებიან ქუჩაში გამოვლენ და აქციებსაც გამართავენ.