ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია გაიხსნა.
კონფერენციას 8 ქვეყნის 22 წარმომადგენელი ესწრება.
როგორც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი ღავთაძე განმარტავს, კონფერენციას წარმომადგენლები ევროპის, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან და რუსეთიდან ესწრებიან.
,,წერეთლის უნივერსიტეტი ცდილობს, სასწავლო პროცესების განვითარებასთან ერთად, კვლევითი მიმართულებები განავითაროს. საკმაოდ წარმომადგენლობითია კონფერენცია თავისი მონაწილეებით,”-განაცხადა გიორგი ღავთაძემ.
როგორც კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, შოთა ლომინაშვილი, განმარტავს, კონფერენცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთო ძალისხმევით ტარდება.
კონფერენციაზე საუბარი ეროვნული ეკონომიკის მოდელებსა და საქართველოსთვის საუკეთესო მოდელის შერჩევაზე მიმდინარეობს.
“კონფერენცია ეკონომიკის განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეკონომიკის უცხოური მოდელები ერთი ერთზე ვერ გადმოვა, თუმცა მათი საქართველოსთვის მისადაგება შესაძლებელია,”-განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე სიჭინავამ.
საერთაშორისო კონფერენცია 21 ოქტომბერს დაიხურება და როგორც ორგანიზატორები ამბობენ, სამართლის სფეროსაც მოიცავს.