პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულიამ
დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხარაგაულში მოსახლეობას დაბინძურებული წყალი მიეწოდება, რაც ხშირ შემთხვევაში ადამიანების მოწამვლის მიზეზი ხდება.
“მე მომმართა ხალხმა დახმარების თხოვნით. იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ამ პრობლემას არ მოაგვარებს, მაშინ ხალხთან ერთად გავმართავთ აქციებს. ხელისუფლებამ ამ პრობლემის მოგვარების მაგივრად მიიღო გადაწყვეტილება რომ წვიმის დროს წყალს არ რთავენ და მოსახლოებას წყლის გარეშე ტოვებენ. ეს არის ხელისუფლების დაუდევრობის შედეგი, მათ არ იზრუნეს სამუშაოების ხარისხიანად შესრულებაზე და ადგილობრივებს ტალახიან წყალს აწვდიან,”-განაცხადა გოგი წულიამ.
ბრიფინგზე ასევე იმყოფებოდა სოფელ ღორეშის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობი რატი იჩქიტიძე.
” 2013 წელს გაიყვანეს წყლის ქსელი, პრობლემა იყო სისტემის გაყვანის დროსაც, რადგანაც წყალი გადმოიყვანეს დასახლებიდან 15 კმ-ს მანძილიდან, როდესაც შესაძლებელი იყო უფრო ახლო ადგილიდან. ვთვლით, რომ ეს მოხდა თანხების არამიზნობრივად დახარჯვის მიზნით, ამას დაემატა წყლის ხარისხის პრობლემა. წვიმის დროს ადამიანებს ტალახიანი წყლის მოხმარება უწევთ,”-აცხადებს რატი იჩქიტიძე.
ხარაგაულის წყალკანალის უფროსი ტარიელ ავალიშვილი რადიო “ძველ ქალაქთან” აცხადებს, რომ ამ პერიოდში უხვი ნალექიდან გამომდინარე ნამდვილად ხდება წყალსაცავში წყლის დაკეტვა, რადგან ამღვრეული წყალი მოსახლეობას არ მიეწოდოს.
“სარეაბილიტაციო სამუშაოები ძალიან ადრე დაახლოებით 5 წლის წინ შეიძლება მეტი ადრეც არის ჩატარებული. იმ დროს სამუშაოები ბოლომდე არ იქნა დასრულებული. რაც შეეხება წყლის დაკეტვას გამოწვეული იყო ამ პერიოდში უხვი ნალექიდან გამომდინარე, წყალი აიმღვრა და დავკეტეთ, რომ ეს ამღვრეული წყალი არ მოხვდეს მოსახლეობაში,”-აცხადებს ტარიელ ავალიანი.