ქუთაისში არსებული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები,
სამოქალაქო საზოგადოება და ჟურნალისტები, ღია წერილით მიმართავენ პრეზიდენტს, საკონსტიტუციო კომისიას, პარლამენტის თავმჯდომარეს და დეპუტატებს, ხელი არ მოაწერონ ქუთაისისთვის სასიკვდილო განაჩენს, რომელიც პარლამენტის გადატანით იქნება გამოწვეული. რადიო ‘ძველი ქალაქი” უცვლელად გთავაზობთ მიმართვის ტექსტს.
ღ ი ა წ ე რ ი ლ ი
საქართველოს პრეზიდენტს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს – საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს
საქართველოს პარლამენტის წევრებს
საკონსტიტუციო კომისიის წევრებს
სამოქალაქო საზოგადოებას
ჩვენ, საზოგადოების წარმომადგენლები თავს ვალდებულად ვთვლით, გამოვხატოთ მოქალაქეობრივი პოზიცია საქართველოს პარლამენტის ქუთაისში ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.
2012 წელს, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთანავე მმართველი ძალის მიერ არაერთგზის გაკეთდა განცხადება, რომ ქუთაისში პარლამენტი შეწყვეტდა მუშაობას და ის თბილისში გააგრძელებდა საქმიანობას. მალევე კონსტიტუციის 48’ მუხლის დარღვევით, პარლამენტის აპარატი, მისი ყველა დეპარტამენტი და კომიტეტი სამუშაოდ თბილისში გადავიდა. გასულ წლებში ქუთაისში მხოლოდ პლენარული სხდომები იმართებოდა. შექმნილი რეალობის პირობებში, შესაბამისი დამოკიდებულება გამოავლინეს ინვესტორებმა , რომლებმაც უარი განაცხადეს რიგი პროექტების განხორციელებაზე. იმ დროისთვის უკვე ხელმოწერილი და შეთანხმებული იყო 5 დიდი პროექტის განხორციელება. მათ შორის: ქუთაისში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს, პანსიონის ტიპის სასტუმროს, სავაჭრო ცენტრის, წყალტუბოში სამთავრობო ქალაქისა და სასტუმრო „IntrContinental”-ის მშენებლობა, ქუთაისში სხვადასხვა წარმატებული ბრენდების შემოსვლა მომსახურების სფეროს მიმართულებით, სადაც დასაქმდებოდა 3 ათასამდე ადამიანი და ქალაქი მიიღებდა ნახევარმილიარდიან ინვესტიციას. სამწუხაროდ, ქუთაისმა და რეგიონმა ვერ მიიღო მოსალოდნელი სარგებელი, რაც პარლამენტის გადმოტანის და ქვეყნის თანაბარი განვითარების იდეის სრულად განხორციელებას უნდა მოჰყოლოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისში პარლამენტის ყოფილი შენობის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსებით მოხერხდებოდა ქუთაისში პარლამენტის შენობის გარშემო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რომელიც დღეს სავალალო მდგომარეობაშია .
პარლამენტის სრულფასოვანი ფუნქციონირებით ქუთაისისთვის გამოწვეულ პირდაპირ და ირიბ პოზიტიურ შედეგებს ვერ ჩაანაცვლებს ვერც ერთი სხვა მნიშვნელოვანი პროექტი. პირიქით, ნებისმიერი პროექტის განხორციელებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს აქ საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირება.
ქუთაისმა, რომელიც ისტორიულად თავისი არსებობის დიდი პერიოდის მანძილზე საქართველოს პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა, ბევრჯერ შეიცვალა სტატუსი, გასულ საუკუნეში კულტურულ-საგანმანათლებლო როლთან ერთად შეითავსა ინდუსტრიული ფუნქციაც, რაც ვფიქრობთ, არაორგანული იყო ამ ქალაქისათვის. ამასთან ერთად, პერმანენტულად ხდებოდა ახალგაზრდა ინტელექტის გადინება ქალაქიდან, რამაც მნიშვნელოვნად დააკნინა მისი როლი ქვეყნის სინამდვილეში და მიგვიყვანა იმ სავალალო მდგომარეობამდე, რასაც ქალაქის უფუნქციობა ჰქვია.
ქუთაისი ეკონომიკური სიდუხჭირის ზღვარზეა დიდია მიგრაცია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებული 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, ქუთაისმა, ტერიტორიული სიდიდით მეორე ქალაქმა, მოსახლეობის რიცხოვნობით მესამე ადგილზე გადაინაცვლა (წინა 2002 წლის მონაცემებთან შედარებით 185 965 ადამიანი)147 635 მცხოვრებით. გადინების პროცესის შეჩერება და შესაბამისად, ქალაქის მიმართ ინტერესის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ საპარლამენტო სტატუსის გარანტირებულად უზრუნველყოფის შემთხვევაში.
სამწუხაროდ, საკონსტიტუციო კომისიაში აქტიურად განიხილება იმ მუხლის ამოღება, რომელიც კანონით ამყარებს ქუთაისში პარლამენტის ფუნქციონირებას.
მოგიწოდებთ ყველა პასუხისმგებლიან და გავლენის მქონე პოლიტიკურ ძალას, რეალურად შეაფასოთ არსებული სიტუაცია და არ დაუჭიროთ მხარი კონსტიტუციიდან 48’ მუხლის ამოღებას. არ მიიღოთ მონაწილეობა ქვეყნის თანაბარი განვითარების შემაფერხებელი გადაწყვეტილების მიღებაში და არ მოაწეროთ ხელი ქუთაისისთვის სასიკვდილო განაჩენს!