არასამთავრობო ორგანიზაციის”ევროპა ჩვენი სახლია” დამფუძნებელმა გია გოქაძემ
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა ყანჩელი რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში დღეს გამართულ ბრიფინგზე დაადანაშაულა.
გია გოქაძის განცხადებით საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე 2016 წლის 20 სექტემბრიდან 25 სექტემბტრის ჩათვლით მოსკოვში მივლინებით იმყოფებოდნენ, სადაც მოსკოვის ტურიზმის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებები აწარმოეს.
“ოკუპანტი ქვეყნის ტანკები ჩვენს მიწაზე დგანან და აქედან გამომდინარე, ხვალ რა იქნება ვერც ვერავინ პროგნოზირებს. ამ დროს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე ჩვენს მიერ გადახდილი თანხებით ჩაბრძანდებიან მოსკოვში, ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქის ტურიზმის ადმინისტრაციასთან აღწევენ შეთანხმებას ქუთაისში სტუმრობის თაობაზე. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე, ფაქტიურად, სტუმრად იწვევენ რუსულ სპეცსამსახურებს. რატომ უნდა ჩახიდე და მოსკოვის ტურისტულ ადმინისტრაციასთან აწარმოო მოლაპარაკება? ტურისტული ურთიერთობები კარგია, მაგრამ ეს კერძო ორგანიზაციებმა ააწყონ. მოსკოვი ჩვენი დაძმობილებული ქალაქი არ არის. რუსეთი ჩვენი მტერია. მე საერთოდ ეჭვი მაქვს, რომ რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ ეს ადამიანები,”- განაცხადა გია გოქაძემ.
გოქაძის ამ ბრალდებას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ბექა ყანჩელმა უპასუხა. ყანჩელის განმარტებით მოსკოვში ტურისტულ გამოფენაზე იმყოფებოდნენ, რომლის მიზანი ქუთაისის ტურისტული პოტენციალის გაცნობა იყო.
“აფსურდულია ნამდვილად გოქაძის განცხადება. საქართველოს დელეგაციის გარდა მოსკოვში სხვა ქვეყნების დელეგაციებიც იმყოფებოდნენ, ამ ვიზიტის მიზანი ქუთაისის ტურისტული პოტენციალის გაცნობა იყო. დელეგაციაში ქუთაისიდან ოთხი ადამიანი ვიყავით წარმოდგენილი,”-განაცხადა ბექა ყანჩელმა.