ბლოკი “პაატა ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის”
ქუთაისი მაჟორიტარობის კანდიდატი თემურ ცამციშვილი #48 საარჩევნო ოლქში, საარჩევნო უბნების სიებში მკვდარი სულების არსებობაზე საუბრობს. ცამციშვილის თქმით , საარჩევნო შტაბის მიერ გადამოწმებული სიებში ასზე მეტი გარდაცვლილი პიროვნება აღმოჩნდა. მათ შორის არიან წლების წლის გარდაცვილი ადამიანები.
“გამსახურდიას 56-ე უბანზე სიაში არის ქალბატონი, რომელიც 8 წლის წინ გარდაიცვალა. ამ ფაქტითაც კარგად ჩანს როგორ არის გადამოწმებული სიები და რამდენად ხარვეზიანია. თითოეული ეს შეცდომა აზარალებს ჩვენს ინტერესებს, მაგრამ შესაძლებელს ხდის ისარგებლოს სახელისუფლებლო ძალებმა.” – აცხადებს თემურ ცამციშვილი.
ამ საკითხთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი აცხადებს, რომ თუ პარტიები და მოქალაქეები მიაწოდებენ ინფორმაციას, ისინი მზად არიან სიებში ცვლილებები შეიტანონ.
“გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა უნდა შეავსონ სპეციალური ბლანკი და გვაცნობონ მათი ახლობლის გარდაცვალების შესახებ. ამასთანავე, თუ პარტიები მოგვაწვდიან მსგავს ინფორმაციას, ჩვენ მზად ვართ რეაგირებისთვის, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ გარდაცვლილთა ნაწილი სიებში მაინც დარჩეს. თუმცა, ეს ფაქტი არჩევნებზე ზეგავლენას ვერ მოახდენს,”-განაცხადა ავთანდილ ოსეფაიშვილმა.