რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მხარი დაუჭირა სკოლებსა და პროფესიულ ტექნიკურ სასწავლებლებში დაწყებითი სამხედრო მომზადების საგნის დაბრუნების იდეას, რომელიც პარტია „სამართლიანი რუსეთის“ თავმჯდომარეს, დუმის დეპუტატ სერგეი მირონოვს ეკუთვნის.

გამოცემა „იზვესტია“ წერს, რომ თავდაცვის სამინისტროსთვის გაგზავნილ მიმართვაზე მირონოვმა დადებითი პასუხი მიიღო მინისტრის პირველი მოადგილის, გერასიმოვისგან, რომელიც მიზანშეწონილად მიიჩნევს დაწყებითი სამხედრო მომზადების საგნის სწავლებას სკოლის და პროფტექნიკუმის დამთავრებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში და საგნისთვის სულ მცირე 140 საათის დათმობას.

მირონოვის განცხადებით, დუმის ყველა ფრაქცია მზად არის მხარი დაუჭიროს მის ინიციატივას, რომელმაც “განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ”. დაწყებითი სამხედრო მომზადების საგანს საბჭოთა კავშირის სკოლებში ასწავლიდნენ.