ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW) სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ სხდომაზე რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლას აფასებს იმის კიდევ ერთ დასტურად, რომ პუტინის მიზანი უკრაინის სახელმწიფოს განადგურებაა.

პუტინმა სადისკუსიო კლუბის წარმომადგენლებს 27 სექტემბერს, მოსკოვში მიმართა და კვლავ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთმა შექმნა, უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია, ისინი შეცდომით გაყვეს ორ სახელმწიფოდ და უკრაინის სუვერენიტეტის ერთადერთი, რეალური გარანტი რუსეთია.

ამერიკელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მსგავსი განცხადებებით პუტინი უარყოფს, რომ უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა, რომ რუსეთს უკრაინის სუვერენიტეტი აღიარებული აქვს და უკრაინელები ცალკე ერია. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის თანახმად, პუტინის ნარატივი, რომ უკრაინა და რუსეთი სხვადასხვა სახელმწიფოდ გაიყო თვითნებური ისტორიული გარემოებების გამო, ადასტურებს მის უცვლელ მიზანს – გაანადგუროს უკრაინის სახელმწიფო და წაშალოს ცნება – უკრაინელი ხალხი.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ პუტინის განცხადებები, რუსეთის უამრავ ქმედებასთან ერთად, უნდა იწვევდეს იმის სერიოზულ გააზრებას, არის თუ არა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი გენოციდი, რადგან იურიდიულად გენოციდი არის ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის მთლიანად, ან ნაწილობრივ განადგურების განზრახვით ჩადენილი ქმედება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *