მსახიობი და რეჟისორი ალეკ ბოლდუინი, რომლის მიერ გადასაღებ მოედანზე განხორციელებული გასროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, მეორე კი დაიჭრა, გამომძიებლებმა დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.
სააგენტო „ფრანს-პრესს“ სანტა-ფეს შერიფის პრესსპიკერმა განუცხადა, რომ დაკითხვაზე ალეკ ბოლდუინი ნებაყოფლობით მივიდა.
„ის ნებაყოფლობით მოვიდა და გასაუბრების შემდეგ შენობა დატოვა“, – განაცხადა პრესსპიკერმა.
უბედური შემთხვევის მიზეზების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ჰოლივუდის მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ოპერატორი ქალი გარდაიცვალა, ფილმის რეჟისორი კი – დაიჭრა.
მედიის ინფორმაციით, მსახიობმა გასროლა განახორციელა იარაღიდან, რომელშიც ფუჭი ვაზნებით უნდა ყოფილიყო. ინციდენტი ნიუ-მექსიკოს შტატში ვესტერნის ჟანრის ფილმის, Rust-ის გადაღების მოედანზე მოხდა.
ალეკ ბოლდუინი ფილმის თანაპროდიუსერია. დაღუპული ოპერატორი 42 წლის ჰალინა ჰაჩინსია, რომელიც წარმოშობით უკრაინიდან იყო.
ამასთან, სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ალეკ ბოლდუინი მომხდარს განიცდის და ტირის.
ფოტო: Jim Weber/The New Mexican