ქუთაისელი მევიოლინე გვანცა ბუცხრიკიძე ბოსტონის ფილარმონიულ ახალგაზრდულ ორკესტრში ჩაირიცხა. ის 80%იანი დაფინანსებით ბოსტონში,  “Longy school of music “-ში სწავლობს.

,,აშშ-ში ერთი კვირის ჩამოსული ვიყავი როცა გავიგე, რომ ბოსტონის ფილარმონიულ ორკესტრში მიღება ჰქონდათ. ეს ორკესტრი ჩემი ოცნება იყო, მაგრამ იმდენად წარმოუდგენლად მიმაჩნდა იქ მოხვედრა, რომ უბრალოდ  საცდელად გავედი და იმედი არაფრის მქონია. როცა დავუკარი, ცნობილმა მევიოლინემ ბენჟამენ ზანდერმა მითხრა, დადე ვიოლინო და გვერდით დამიჯექიო, მივედი და შემეკითხა ვინ ხარ და აქ რატომ ხარო?  გვანცა ბუცხრიკიძე ვარ საქართველოდან და აქ ვსწავლობ მეთქი. რამდენი ხანია ამერიკაში ხარო და 1 კვირა მეთქი რომ ვუთხარი, გაეცინა. ირგვლივ 10 ჟიურის წევრი იჯდა და მათ უთხრა, ორკესტრში პირველი ქართველი გოგო გვეყოლება, რა მაგარია, არაო??? და მინდოდა სიხარულისგან ჩავხეტუბოდი ბენჟამენს, მაგრამ მაშინ ახალი გაცნობილი მყავდა და მეუხერხულა. მას შემდეგ სახლში მიმიწვია, რომ უკეთესად გამეცნო. პირველი კონცერტი 1 თვის წინ ერთ-ერთ ყველაზე დიდ დარბაზში Boston symphony hall-ში გვქონდა და გრანტი დამინიშნეს. ახლა მეორე ძალიან გრანდიოზული კონცერტისთვის ვემზადებით. თავი ზღაპარში მგონია, როცა ვხედავ ჩემ წინ ლეგენდა დგას და დირიჟორობს, ირგვლივ მხოლოდ გამორჩეული და უნიკალური მევიოლინეები სხედან და მე, ქუთაისელი გვანცა მათ გვერდით ვარ,’’-ამბობს გვანცა ბუცხრიკიძე.

გვანცა ამბობს, რომ მისი სამომავლო გეგმები საქართველოს უკავშირდება. სურს ქვეყნის ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის ღირებული პროექტი შექმნას, რაც მათ მაღალ დონეზე განვითარების საშუალებას მისცემს.

,,უბედნიერესი ვარ, რასაც მივაღწიე. ცოტას აქვს იმის პატივი, რომ დილით ბენჟამენმა დაურეკოს და უთხრას მოდი მუსიკაზე ვისაუბროთო. ეს ყველაფერი ჩემი 13-წლიანი დაუღალავი შრომის შედეგია და მარტო შრომა არა, ყველა იმ ადამიანის დამსახურება, ვინც გვერდით მედგა და ახლაც მიდგას. არ შემიძლია არ ვახსენო ქუთაისის მ.ბალანჩივაძის პირველი სამუსიკო სკოლა, სადაც პირველი ნაბიჯები გადავდგი. არ შემიძლია არ ვახსენო მ.ბალანჩივაძის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი, თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის “ნიჭიერთა ათწლედი” და თბილისის ე.მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი; პროფესორი, რომელიც ყოველთვის გვერდით მედგა და დამეხმარა, რომ აქ ჩამებარებინა – მანანა ქანთარია. ძალიან იღბლიანი ვარ, რომ ამდენი ადამიანის სითბოს და სიყვარულს ვიმსახურებ. ჩემს აქაურ მეგობრებს საქართველოზე ხშირად ვესაუბრები და გაოცებულები მისმენენ ხოლმე. საქართველო და ქართველი ხალხი გულში მყავს და ძალიან მიყვარს, ძალიან,’’-ამბობს გვანცა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *