ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად გიორგი თავაძე დაინიშნა. მოცემულ პოზიციას ის 27 თებერვლიდან, 4 წლის ვადით დაიკავებს.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კულტურის მინისტრმა, პროფესიული თეატრების შესახებ საქართველოს კანონის მეათე მუხლის მერვე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად გიორგი თავაძე მისთვის კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე დანიშნა.
გიორგი თავაძემ საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი 1990 წელს დაამთავრა. 1999–2000 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის, ხოლო 2001–2006 წლებში ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეჟისორი, 2006–2013 წლებში კი სამხატვრო ხელმძღვანელი.
გიორგი თავაძეს მიღებული აქვს სანდრო ახმეტელის, კოტე მარჯანიშვილის, იუსუფ კობალაძის სახელობის პრემიები.