ქუთაისში, ვერიკოს ბაღში, ხელნაკეთი ნივთებისა და ხალხური რეწვის იმერელ ოსტატთა გამოფენა-ბაზრობა მიმდინარეობს.
გამოფენილია როგორც თექის, ბატიკის, ტიხრული მინანქრის, სამკაულების, უზარელის, ნაქსოვისა და ნაქარგის, ასევე ღვინის, გასტრონომიის, კოსმეტიკისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.გამოფენაში ასამდე ოსტატი მონაწილეობს.
გამოფენის პარალელურად, კონცერტები გამართეს ჯგუფებმა „თაიმი“ და „ქორალი“.
ღონისძიებას ორგანიზებას DMO Imereti უწევს.
,,მხატვრულ თექას ვაწარმოებ, მაქვს ნახატები და თოჯინები მოტანილი. რამდენიმე ნამუშევარი გავყიდე. იმედია, ხალხი კიდევ შემოგვემატება. ძალიან მინდა ერთი კონკრეტული ადგილი მქონდეს, სადაც ყოველდღიურად შევძლებ ჩემი ნამუშევრების გამოფენას და გაყიდვას,’’-ამბობს თეა ტალახაძე.
,,პოლიმერულ თიხაზე ვმუშაობ. მაქვს საახალწლო თემაზე შექმნილი ნამუშევრები, გვირგვინები და ა.შ. ზაფხულში დავიწყე ამ ყველაფერზე მუშაობა. პერიოდულად გამოფენებში ვმონაწილეობ. ვცდილობ, აქტიური ვიყო. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებისთვის პოლიმერული თიხა შედარებით ახალია, ხალხის დაინტერესება მაინც საკმაოდ დიდია,’’-ამბობს ნონა ბზიკაძე.
გამოფენა 29 დეკემბერს დაიწყო და 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.