ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამერიკული ჯაზ-ბენდის Rhine River Ramblers კონცერტი მიმდინარეობს.
კონცერტი გვირილობის დღესასწაულის, ასევე საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების აღსანიშნავად იმართება. ღონისძიებაზე გაჟღერდა როგორც აშშ-ის, ასევე საქართველოს ჰიმნი.
ღონისძიება აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით იმართება.
,,ჯაზი ამერიკული კულტურის ნაწილია, რომელსაც სიამოვნებით ვუზიარებთ მსოფლიოს. მუსიკა აერთიანებს ხალხს. წელს აშშ და საქართველო 30 წლიანი ურთიერთობის იუბილეს აღნიშნავენ, ორივე ქვეყანა გამოხატავს სოლიდარობას უკრაინელი ერის მიმართ, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის. სოლიდარობის გამოხატვას ნებისმიერი ფორმით დიდი მნიშვნელობა აქვს და მუსიკა ამის საუკეთესო საშუალებაა, ახლა ერთად დგომის დროა-ამბობს სახალხო დიპლომატიის წარმომადგენელი ალთია ქოლი მერფრი.
,,გვირილობის დღესასწაულს ამერიკული ჯაზ-ბენდის კონცერტი ალამაზებს, რომელიც აშშ-ის საელჩოს საჩუქარია ადგილობრივებისთვის. მადლობა ამერიკის საელჩოს ყველა იმ აქტივობისთვის, რაც ქუთაისში ხორციელდება. ქუთაისისთვის ჯაზი ახალი არაა, ეს არის ქალაქი, სადაც კულტურის ყველა მიმართულება, მათ შორის, მუსიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა როგორც ქალაქის, ასევე ქვეყნის განვითარებაში და კულტურული ცხოვრების მრავალფეროვნებაში. მადლობა ამერიკელ ხალხს ამ დღის გალამაზებისთვის,”-ამბობს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი პეტრე ადამაძე.
ქუთაისში “გვირილობის” დღესასწაულის აღნიშნვა 1911 წლიდან იღებს სათავეს. ის გიმნაზიელი გოგონას ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება.
გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. გოგონები გვირილებს კრეფდნენ, ყიდდნენ და შეგროვილი თანხით ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ.